მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი

Tuesday, February 7, 2012


მოსწავლეები ოჯახებში ეწვივნენ სახალხო მთქმელებს და ჩაიწერეს ზეპირსიტყვიერების ნიმუშები,რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ და ვფიქრობ საინტერესო იქნება მათთვის ვინც  გვესტუმრება ბლოგზე და და დაათვალიერებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნიმუშებს.მოსწავლეებმა შეძლეს ხალხის წიაღიდან ამოეღოთ ძვირფასი მარგალიტები და დღის სინათლეზე გამოეტანათ ისინი,ჩვენი პროექტის მიზანიც ხომ ესაა,ხალხის წიაღიდან ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ამოღება

დავბერდი და შამინახე
მამა ეუბნება შვილსა,
აქამდინ რო გინახავდი
სხლა იცოდი ვენახისა.
გაძლევ წილსა გამეყარე
ერთურთ ვიყოთ ოღონდ შორსა.

ბიჭო.
ბიჭო პირი მაგიპარსავს,
სალამაზოდ კისერიო
რატომ არ დაინიშნები,
შე დურაკო ვის ელიო.
ჩაწერილია თათია სარდლიშვილის მიერ.
მთქმელი ეთერ ალთუნაშვილი.

ლექსი დიდ სამამულო ომზე
კრიმიდან ადგა ჯარები,
ზღვის გაღმა ემართებოდა,
ზოგი გავიდა ზღვის გაღმა,
ზოგი ზღვაშივე რჩებოდა.
სტალინს აცნობა ჟუკოვმა
რომ დამახმარე გემიო,
სტალინმა ეს რო შეიტყო
ამაუგზავნა გემიო,
ჯარები ჩასხა გემებში,
ზღვის გაღმა გაიყვანაო,
მაშ გაუმარჯოს სტალინსა
ჟუკოვსა თავის ჯარებით.
ჩაწერილია თეონა სარდლიშვილის მიერ
X კლასის მოსწავლე.

Monday, February 6, 2012


თქმულებები ანა ბაჯზე.
ქალაქელი ქალი იყო
მუხათ გათხოვებულიო
ანაბაჯ ერქვა სახელად
ტანად ახოვნებულიო.
. . . . . .
ანა ერთხელ კამეჩს წველიდა, ზაქი კი მას წველას არ აცდიდა, ანა გაბრაზდა დაავლო ზაქს ხელი და ერთ დიდ ხეზე ზემოდან მოისროლა.
. . . . .
ზაფხულის ერთ მზიან დღეს ანა და მისი ამხანაგები შვინდის საკრეფად წავიდნენ, კრეფის დროს მათ უშველებელი დათვი დაესხა თავს და ერთი ამხანაგი თათებში მოიქცია, ანამ აქაც მამაცობა გამოიჩინა, მოტეხა შვინდის ტოტი და დათვს წინ დაუხტა, მომავალ მონადირეს ხანჯალი დასტაცა და დათვს გაუყარა, მოკლა დათვი და აქაც აღაფრთოვანა თავისი გმირობით ანამ.
ჩაწერილია თათია და თეონა სარდლიშვილების მიერ .
მთქმელი არჩილ სარდლიშვილი.

Monday, January 9, 2012

შელოცვები

შიშის ლოცვა
ავიღებთ დანასა და ნახშირს, ნახშირს არ შევუბერამთ, ნახშირს დავადებთ  დანაზე , გადავწერამთ პირჯვარს და დავიწყებთ ლოცვას.
აშინა მაშინა, გულო რამ შაგაშინა?
ქორი იყო ქანდარასა, დედალი საბუდარასა,
სული სულთან, გული გულთან,
აგორდი გულო, ჩაგორდი გულო,
გულო ჩაგორდი ბუდეში.
ფერი ფერთან, ხორცი ხორცთან,
სისხლი სისხლთან,
აგორდი გულო , ჩაგორდი გულო,
გულო ჩაგორდი ბუდეში.

ჩაწერილია თათია და თონა სარდლიშვილების მიერ, X კლასის მოსწავლეები.
მთქმელი: ლუბა ქავთარაძე, 75 წლის

ნაღრძობის ლოცვა
უცხო მინდორზე უცხო ხე იყო,
უცხო ფრინველი იყო შემჯდარი,
უხელო ჩამავიყვანე, უფეხო ჩამავიყვანე,
უპუროდ შავჭამე, უცეცხლოდ შევწვი,
გორებით გორდებოდა ნაღრძობი მთელდებოდა,
რა არი მისი წამალი?
ნიგოზი და ნიგვზის ზეთი,
დავზილოთ და შევხვიოთ,
მესამე დღემდე არ გადაჰყვეს.

ჩაწერილია თათია და თეონა სარდლიშვილების მიერ, X კლასის მოსწავლეები
მთქმელი: ლუბა ქავთარაძე, 75 წლის.

თქმულებები


თქმულება ,,ბედისწერა“.
სოვდაგრებს შემოაღამდათ ერთ ტყეში, სადაც აღმოაჩინეს სახლიც. სთხოვეს სახლის პატრონს ,რო ღამე გაეთიათ. სახლის პატრონმა ბოდიში მოუხადა,რო ვერ  შეასრულებდა მათ თხოვნას,რადგან ქალი მშობიარობდა.

ამათ უთხრეს ,კარგით აქ ვიქნებითეზოშიო. ყველაფერს უსმენენ,რაც ხდება. დაიბადა ვაჟი,მოფრინდნენ ბედის მწერლები, ერთმა თქვა: მოდი ამ სოვდაგრების ქონება ამ ვაჟს დარჩესო. მეორემ თქვა: რო დაქორწილდეს, მგელმა შეჭამოსო. დილით ერთ–ერთმა სოვდაგარმა ოჯახის უფროსს უთხრა: ეს ბავსვი მე უნდა მომანათლინოო და მე უნდა დამაქორწინებინოო. ნათლიამ სიმდიდრე დაანათლა. 16 წლის დააქორწინა. შეაიარაღა მაყრიონი.

ნეფე– დედოფლის დაწოლის დრო რო მოვიდა, გარედან დაკეტა ბოქლომით , შეიარაღებული ხალხი დაუყენა. როცა გახსნა დილით კარები, ნახეს ,რო პატარძალი გადაქცეულა მგლად. ასე ვერ ასცდა ბედისწერას.


ჩაწერილია მარიამ ასლამაზიშვილის მიერ,XI კლასის მოსწავლე.

მთქმელი: დავით ქავთარაძე.



 თქმულებები თევდორე მღვდელზე
მანგლისში სულ ტყე იყო.  ოძისში იყო საყდარი,რო თქვეს თათარი მოდისო, ოძისიდან გაიქცა ხალხი, თათარი რო მოვიდა, მღვდლი კეტავდა ეკლესიას, დაიჭირეს მღვდელიდა კითხეს სად წავიდა შენი ხალხიო. მღვდელმა   იფიქრა, ჯობია მე მოვკვდეო, ვიდრე ამდენი ხალხიო.

მღვდელმა ატარა ისინი და სხვაგან წაიყვანა კლდეკარში, ისევ უკან მოვიდნენ.ერთმა თათარმა სადაც გამოიარეს ნიშანიდასდო – როცა იგივე გზით გაატარა მღვდელმა , ადგნენ და მოკლეს.

ჩაიწერეს ამ თქმულების სხვა ვარიანტიც:

ვაკისოფელი ნასოფლარი ადგილია, უწინ ქველთა რქმევია ის თევდორე ღვდელი მანდედან წაუყვანიათ ოსმალებსა, (და უთქვამთ) გვაჩვენე სად არის თკვენი ხემწიფეო,მ ამას არ უჩვენებია, ერთი დღის გზა სამი დღე უტარებია, ამათ გაუგიათ,  რო ამან გზა აგვირიაო და მოუკლიათ ის თევდორე მღვდელი, მერე მინდვრის მწყემსებსა გაუგიათ, რო ესეთი ამბავია გაქცეულან და შეუტყობინებიათ ხელმწიფისთვინა.


ჩაწერილია ნინო აზრუმელაშვილის და მარიამ ასლამაზიშვილის მიერ, XI კლასის მოსწავლეები.

მთქმელი:დავით ქავთარაძე.

ლექსები



ბესაის ლექსი
წერილს გიგზავნის მთქმელია
აფციაურო ბესაო,
დიდხანს იცოცხლე ძმობილო,
უყურე მაღალ მზესაო.
ყისმათიანი კაცი ხარ,
ღმერტიც გიმართავს ხელსაო,
მანგლისში რო გადასდიხარ,
იქა ჰპოულობ ცხვრებსაო.
მალე გფაყიდევ ძმობილო,
ნუღარ იჯანჯლებ ბევრსაო,
ხარაზი ბევრი რამ არი,
 ჩუსტებს ჩაგაცმევს ჭრელსაო.
ნეტა იმ ცხვრების პატრონი
აქ მაიყვანა ჩვენსაო.
რა კაი კაცი ყოფილა
არ გესვრის არაფერსაო.
ზოგი ოქმს შაგიყენებდა
დაგიგრეხამდა წნელსაო.

რა ამბავზე არის შეთხზული ეს ლექსი:
ბესაი გადმოსულა მანგლისში’ერთი თოხლი დეედევნა ბესას, შაიყვანა ბესამ ეს თოხლი ხარაზებში და უთხრა: რო ეს თოხლი მიმყვანდა მოყვრებშიო და ცხენი ვეღარა სზიდავსო. ჩუსტები მომეცით და თოხლს დაგიტოვებთო. რო მორიგდნენ, თოხლის პატრონიც მივიდა და იკითხა: ეს თოხლი ვინ მაიყვანაო და ამ კაცმა მოგვყიდაო, თოხლი პატრონმა წაიყვანა და ბესაი ცარიელზე დარჩა.

ჩაიწერა თეონა ნადირაძემ,XIკლასის მოსწავლე.
მთქმელი შოთა ალთუნაშვილი.


ბეჟანის ლექსი
ბეჟანი მთაში ცხოვრობდა მაღლა, წიკლაური იყო
მთებო იგლოვეთ ბეჟანი,
ჯანყების შამახვევითა,
ბევრჯერ დაგლახათ, ოხერო,
პიროფლიანი ცხენითა.
ბევრჯერ გაშავათ გუთნითა,
ბევრჯერ გაწითლათ ცელითა,
იტირეთ ქალო და რძალო,
ბეჟანი ცხელის ცრემლითა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ამ ლექსის განსხვავებული ვარიანტი, რომელიც ჩაწერილია მთიულეთში.წარმოგიდგენთ მასაც.

მთაო, იგლოვეთ ბეჟანი,
ჯანყების შემოხვევითა,
ბევრჯერ შეგღება გუთნითა,
ბევრჯერ გაწითა ცელითა.
შემოგიარის ოხერო,
პიროფლიანი ცხენითა,
იტირეთ ქალო და რძალო,
ბეჟანი ცხელის ცრემლითა.

ჩაწერილია მარიამ ასლამაზიშვილის მიერ.
მთქმელი:ვანო ქავთარაძე, 84 წლის.

ტიალი წუთისოფელი
ტიალო წუთისოფელო,
ზოგ კაცს რა გააცეტებსაო,
ქალაქსა ვნახე ბურდული,
ძლივ დაათრევდა ფეხებსაო.
მე ვთქვი მშიერი მაჰკვდება,
ვერაფერს მაახერხებსა,
შამასულიყო ბაზარში,
შჭამდა საზამთროს ქერქებსა.

მთქმელი:სანდრო  ოქრუაშვილი.70 წლის.
ჩაწერილია თეონა ნადირაძის მიერXIკლასის მოსწავლე.



ლექსები თონეთზე
თონეთი რისთვის შეწუხდა
მალ-მალ მოდის ბეგარაო
მაგრამ არაფრად აგდებენ,
ვერა სჯობია ქვეყანაო.
თონეთისთანა ქალები
არ არი ქვეყანაზედა,
დარიგდებიან სუფრაზე,
როგორც ვარსკვლავი ცაზედა
ეგრეთი დასუქებულან
როგორც ირმები მთაზედა,
ლხინი რო გაიმართბა,
ბიჭებ მიზდევენ კვალზედაო

ჩაწერილია მალხაზ სარდლიშვილის მიერ, Xკლასის  მოსწავლე.
მთქმელი:არჩილ სარდლიშვილი,76 წლის.

ლექსი იოსებაზე
ჯიჯაანთ იოსებაი ვარ,
არა ვარ კაი დღეშიაო,
არც სამსახური მივარგა,
კამბეჩებს დავდევ ტყეშიაო,
გუდაში ხმელაი პური მაქ,
გამეჭედება ყელშიაო.

ჩაწერილია თეონა ნადირაძის მიერ.
მთქმელი: სანდრო ოქრუაშვილი, 70 წლის.